ახალი ამბები
აშშ უკრაინისთვის დამატებით $150 მილიონის სამხედრო დახმარებას გამოყოფს
FaceBook
აშშ უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. შეერთებული შტატების მაღალჩინოსნის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი $150 მილიონის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს. მათ შორისაა: 25000 155 მმ-იან საარტილერიო ტყვია, კონტრსაარტილერიო რადარები, სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა და სათადარიგო ნაწილები.

"აშშ უკრაინის მამაცი მოსახლეობის მხარდაჭერას განაგრძობს, რადგან ისინი რუსეთის აგრესიისგან საკუთარ ქვეყანას იცავენ". - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის არამხოლოდ $33-მილიარდიანი დახმარების გამოყოფა, არამედ რუსი ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევა და რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებაც სთხოვა.

აშშ-მ ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინას ჯამურად 3.4 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა.

უკრაინაში 73 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.



Print
თეგები: #აშშ