ახალი ამბები
საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი შეავსო
FaceBook
საქართველოს მთავრობა ევროკომისიას შევსებულ კითხვარს 10 მაისს გადასცემს.


ამის შესახებ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

"საქართველომ დაასრულა მუშაობა კითხვარის მეორე ნაწილზეც. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას. ვგეგმავთ, 10 მაისისთვის გადავცეთ ევროკომისიას. კითხვარის მეორე ნაწილი ტექნიკური და სექტორული ხასიათის იყო"
, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, შემდგომი პროცედურა იქნება ევროკომისიის მხრიდან ამ დოკუმენტზე დასკვნის მომზადება.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო.

კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც 369 კითხვისგან შედგება, ევროკომისიას 2 მაისს გაეგზავნა. დოკუმენტი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებს საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. კითხვარის მეორე, ტექნიკური ნაწილის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2300 შეკითხვაზე უნდა გასცეს პასუხი.

დოკუმენტის ორივე ნაწილში ევროკომისია პასუხების დასაბუთებას ითხოვს.

ხელისუფლებას კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებისთვის დრო 13 მაისამდე აქვს.
Print