ახალი ამბები
"აღმაშენებლის გამზირზე ხეს ძირები მიაჭრეს, რადგან გზად გადაეღობათ" (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, სავარაუდოდ, ქვეითთა გადასასველის მოწყობის გამო მწვანე საფარი და ხის ფესვები დააზიანეს.

აღნიშნულის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში მომხმარებელმა დადო.


"აღმაშენებლის გამზირზე ზებრა გადასასვლელის გასწვრივ ჩვენი "კომფორტისთვის" აკეთებენ ბილიკს. ხეს მიაჭრეს ძირები, რადგან გზად გადაეღობა. გეგონება ოდნავ გვერდით რომ გადაეტანათ ეს ზებრა, დაიქცეოდა ქვეყანა. ხან ვაბეტონებთ მწვანე ნარგავებს, ხან ძირებს ვუჭრით ან ისე ვსხლავთ, რომ ფორმას კარგავს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მავნებლობა ამ უპატრონო ქვეყანაში?!"
, - წერს მოქალაქე ხვიჩა ვაშაყმაძე. 

აღმაშენებლის გამიზირზე გზის სავალი ნაწილის და ტროტუარის  კეთილმოწყობა ორი წელია საგზაო დეპარტამენის დავალებით მიმდინარობს.

ამ დროისთვის სამუშაოებს კომპანია "საქმილსადენმშენი" ასრულებს.

შესაძლებელი იყო თუ არა მწავნე საფარის დაზიანების გარეშე სამუშაოების შესრულება? - კითხვაზე პასუხი, დაპირების მიუხედავად, საგზაო დეპარტამენტის პრესსამსახურისგან არ მიგვიღია.  

საგზაო დეპარტამენტსა და "საქმილსადენმშენს" შორის ხელშეკრულება (NAT 200013113) 2021 წლის სექტემბერში დაიდო. კომპანიამ სამუშაოები მას შემდეგ გადაიბარა, რაც რეაბილიტაციაზე თავდაპირველად პასუხისმგებელმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა.

"საქმილსადენმშენს" სავალი ნაწილის (ტრასის) აღდგენა და გამაგრება, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ველობილიკის და ტროტუარების მოწყობა, 6 764 031 ლარის სანაცვლოდ დაევალა.
ფოტო/ვიდეო: ხვიჩა ვაშაყმაძე
Print