ახალი ამბები
"ქუთაისი ღარიბდება" - არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტი თუ არაკომპეტენტური ბრალდება?
FaceBook
არასწორად დაგეგმილი და არჩევნებზე ორიენტირებული ბიუჯეტი - ასე აფასებენ ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციაში 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, 1/3-ითაა შემცირებული, რასაც ინფრასტრუქტურული პროექტების და განათლების სფეროს დაფინანსების შემცირება მოჰყვა.

"გირჩში", ასევე, აცხადებენ, რომ 2016 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შემცირებულია შემოსავალი ქონების გადასახადიდან, მაშინ როცა ქონების გადასახადი არ შემცირებულა.

"160 000 ლარით შემცირებულია ქონების გადასახადი, მაშინ როცა გასულ წელს ქონების გადასახადიდან 4 მილიონ ლარზე მეტი იყო შემოსული," - აცხადებენ ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციაში.

ქუთაისის ვიცე-მერი კოტე ქავთარაძე "გირჩის" ქუთაისის ორგანიზციის ბრალდებებს  აბსურდულს და  არაკომპეტენტურს უწოდებს. ქავთარაძე აღნიშნავს, რომ 2016 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ქუთაისში განსახორციელებელ პროექტებზე გამოყოფილი თანხები, რომელიც 15 მილიონ ლარს შეადგენს, უახლოეს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება და შესაბამისად, ეს თანხები ბიუჯეტს მოემატება.

Print