ახალი ამბები
"საქართველო დამატებით 7 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად"
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  მთავრობა  საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად  დამატებით კიდევ 7 მილიონ დოლარს გამოყოფს.


ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთში გამართულ საერთაშორისო საქველმოქმედო კონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველომ უკვე გამოყო 7 მილიონი აშშ დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას, რისთვისაც 2022 წლის ბოლომდე დამატებით გამოვყოფთ კიდევ 7 მილიონ აშშ დოლარს",
- განცხადა სიტყვით გამოსვლისას  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა  უკრაინაში რუსეთის შეჭრას "უხეში სამხედრო აგრესია" უწოდა.

"ვგმობთ რუსეთის უხეშ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს და ნორმებს და წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს ჩაუყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ", - განაცხადა პრემიერმა.

უკრაინაში 72 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print