ახალი ამბები
,,მეორე დღეა მტერი აზოვსტალის ტერიტორიაზეა'' - აზოვის პოლკის მეთაური
FaceBook
აზოვსტალში მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა, ჯარისკაცები მის დაცვას კვლავ აგრძელებენ.


აზოვის პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოს განცხადებით, მეორე დღეა ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები ქარხნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

"მეორე დღეა მტერი ქარხნის ტერიტორიაზე შემოიჭრა. არის მძიმე, სისხლიანი ბრძოლები. მე ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც ზეადამიანურ ძალისხმევას იყენებენ მტრის თავდასხმის შესაკავებლად. მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის უზარმაზარი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ჯარისკაცები ამას იმსახურებენ. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძანების შესრულებას -ვინარჩუნებთ დაცვას",
- ამბობს დენის პროკოპენკო.

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს კონტაქტი მარიუპოლის მცველებთან.

მარიუპოლი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ოკუპანტი ქვეყნის სამიზნეა. რუსი ჯარისკაცები თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დაბომბეს ბავშვთა სახლი და სამშობიარო, ასევე თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. მარიუპოლში თითქმის სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

უკრაინაში 71 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

Print