ახალი ამბები
მეუფე იოანე ქუთაისის საპატიო მოქალაქე გახდა
FaceBook
ქუთაისის მერიამ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე იოანეს ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.


იგი ერთ-ერთია იმ რვა ადამიანს შორის, რომელიც ადგილობრივმა მთავრობამ დღეს საპატიო ქუთაისელად დაასახელა. ღონისძიება "ქუთაისობა 2022" -ის ფარგლებში თეთრ დარბაზში გაიმართა.

"თითოეულ მათგანს კარგად ვიცნობთ ქუთაისში, ვიცით მათი ღვაწლი და დამსახურება მშობლიური ქალაქის წინაშე. ვულოცავ მათ დამსახურებულად მინიჭებულ საპატიო წოდებას და მჯერა, კიდევ დიდხანს იქნებიან მშობლიური ქალაქის და თანაქალაქელების სამსახურში"
, - განაცხადა დაჯილდოებაზე ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

თავად მეუფე იოანემ კი დაჯილდოების ცერემონიალზე თქვა, რომ ეპარქიაში მისი მოღვაწეობის ისტორია არ არის საკმარისი დრო ასეთი წოდების მისაღებად.

"მე ვფიქრობ, ეს წოდება ჯერ უნდა დაიმსახურო. მე თითქმის სამი წელია ვარ და არ არის ეს ის დრო, რომ ეს წოდება დამსახურებულად მიგეღო ეს,  მაგრამ ამავე დროს, ეს არის მოწოდება, რომ სიკეთე ვამრავლოთ ქვეყანაზე", - განაცხადა მეუფემ.

იოანე გამრეკელი ქუთაის–გაენათის ეპარქიის მმართველად მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ, 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე აირჩიეს. მანამდე იგი სამი თვის განმავლობაში ქუთაისის ეპარქიაში დროებითი მმართველის მოვალეობას ასრულებდა. მეუფე იოანეს მედიასთან არაერთხელ დაუფიქსირებია რუსეთის მიმართ კეთილგანწყობა. მან ეპარქიაში დანიშვნის შემდეგ, პირველივე ინტერვიუში, რომელიც ქუთაისიპოსტს მისცა, თქვა, რომ რუსეთი არ ცდილობდა ქართულ ეკლესიებში ქართული კვალის წაშლას და რომ ილია ჭავჭავაძე ევროპამ მოკლა.

იოანე გამრეკელი 1946 წელს თბილისში დაიბადა. 1988 წელს იგი მღვდლად ეკურთხა. 2008 წელს ჯერ ბერად აღიკვეცა, შემდეგ კი ეპისკოპოსად აკურთხეს. 2011 წელს მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. 2013 წლიდან კი რუსთავის ეპარქიას წინამძღოლობდა.
Print