ახალი ამბები
ქუთაისში "გვირილობის" აღნიშვნა დაიწყო
FaceBook
ქუთაისში "გვირილობის" აღნიშვნა ტრადიციულად ქალაქის დალოცვით დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ ქალაქი ბაგრატის ტაძრიდან დალოცა, სადღესასწაულო ღვთისმსახურებას იმერეთის მხარის და ქალაქის პირველი პირები დაესწრნენ.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის თქმით, "გვირილობა" სახალხო დღესასწაულია, რომელიც სიკეთესთან ასოცირდება.

"მაგრამ წელს ვერ აღვნიშნავთ, ისე როგორც შეშვენის ქუთაისს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარეობს ომი, იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები და ქუთაისი, ისევე, როგორც მთელი საქართველო, არის სოლიდარული უკრაინის მიმართ",
- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

2 მაისს ქუთაისში "გვირილობა", იგივე ქუთაისქალაქობა აღინიშნება. ამ დღეს, ტრადიციულად, ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება. წელს, ძლიერი წვიმის გამო  პროგრამა შეიცვალა და ღონისძიებების რაოდენობა შემცირდა.

ღონისძიებების ჩამონათვალი ნახეთ აქ.

"გვირილობა" ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. ყოველწლიურად ამ დღეს სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიება იმართება. ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშვნა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა. 



Print