ახალი ამბები
პირბადის ტარება სავალდებულო მხოლოდ ტრანსპორტსა და კლინიკებში იქნება
FaceBook
კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული რეგულაციები კიდევ უფრო მსუბუქდება.

2 მაისიდან პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება დახურულ სივრცეშიც, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებისა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოვიდვითარების დასტაბილურების შესაბამისად, რეგულაციების შემსუბუქება შესაძლებელი გახდა.

"დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო იქნება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და ტრანსპორტში, სხვა რეგულაციები მოიხსნება. ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი კოვიდსიტუაციის და ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ შევამსუბუქოთ რეგულაციები", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მთავრობა დააკვირდება დინამიკას და ამის მიხედვით იმოქმედებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 51 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
Print