ახალი ამბები
გაერო და წითელი ჯვარი ,,აზოვსტალიდან'' მოქალაქეების გაყვანას ადასტურებენ
FaceBook
გაერო და წითელი ჯვარი ადასტურებენ, რომ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა.


ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. რუსული და უკრაინული მხარეების ცნობით, ქარხანას კვლავ უკრაინელი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „აზოვსტალის“ ქარხანაში 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი ჯარისკაცია ჩარჩენილი. მათივე თქმით, ამჟამად ქალაქში, დაახლოებით, 100 000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, მათ არ აქვთ საკვები, წყალი და გაზი.

ხუთშაბათს, 28 აპრილს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა, რომ „ინტენსიური დისკუსიები“ მიმდინარეობს ევაკუაციის ოპერაციის შესათანხმებლად უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან.

მარიუპოლი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ოკუპანტი ქვეყნის სამიზნეა. რუსი ჯარისკაცები თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დაბომბეს ბავშვთა სახლი და სამშობიარო, ასევე თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. მარიუპოლში თითქმის სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. ოკუპანტები ქალაქის ტერიტორიაზე წითელი ჯვრის წარმომადგენლებსაც არ უშვებდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლი მოლაპარაკებების პროცესში, შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს.

მარიუპოლში ქარხანა "აზოვსტალი" ფაქტობრივად რჩება ქალაქის ერთადერთ პუნქტად, რომელიც კვლავ უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშაა. ქარხანა დღემდე ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებითაა გარშემორტყმული.

აზოვსტალის მეტალურგიული ქარხანა აზოვის ზღვის სანაპიროზე 1933 წელს აშენდა. ქარხნის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ინდუსტრიული ზონაა. ეს არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული ქარხანა, ქალაქი ქალაქში. ტერიტორია თითქმის 11 კვადრატული კილომეტრია. ქარხანას აქვს 24 კილომეტრიანი მიწისქვეშა გასასვლელი. ომამდე აზოვსტალში 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. აქ საწარმოები ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდება. აზოვსტალის პროდუქტები გამოიყენებოდა გემების, ხიდებისა და ნავთობსადენების ასაგებად. ეს იყო რკინიგზის რელსების ერთადერთი მწარმოებელი უკრაინაში.

ომის დაწყებამდე ქარხანა აწარმოებდა წელიწადში, დაახლოებით, ოთხ მილიონ ტონა ფოლადსა და რკინას. რუსეთის თავდასხმის შემდეგ ქარხნის თანამშრომლებს ტექნიკის გაჩერება მოუწიათ.

უკრაინაში 68 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print