ახალი ამბები
სამგზავრო მატარებლები ქუთაისის აეროპორტთან დღეიდან გაჩერდებიან
FaceBook
საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს ახალი გაჩერება დღეიდან, 30 აპრილიდან დაემატება.

ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს. ქუთაისის აეროპორტი კი, სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, მათ აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს.

,,ქუთაისის აეროპორტი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით უზრუნველყოფს მგზავრების აეროპორტში გადაყვანას. კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად მგზავრებს, დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ. მატარებლის ბილეთის ღირებულება ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტირებას მოიცავს'',
- აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ბილეთების შეძენა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებგვერდის, სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდების მეშვეობით.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სარკინიგზო ხაზის მოწყობა ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წელს დააანონსა, თუმცა, პროექტი არ განხორციელდა. მორიგი დაპირება ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 2020 წელს გასცა. მინისტრი მაშინ ამბობდა, რომ პროექტი, რომლითაც აეროპორტი საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდებოდა, დამტკიცებული იყო, თუმცა, არც ეს დაპირება შესრულდა.











Print