ახალი ამბები
შესაძლოა, დღეს აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს
FaceBook
შესაძლოა, დღეს მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავრცელებს.

"მშვიდობიანი მოსახლეობის ქარხნიდან გამოყვანის ოპერაცია დღეს იგეგმება",
- თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა.

27 აპრილს გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშიმ განაცხადა, რომ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციის გეგმაზე მუშაობა გრძელდება.

"ჩვენ ორივე მხარის კეთილგანწყობაზე ვართ დამოკიდებული", - თქვა გაეროს კრიზისის  მართვის კოორდინატორმა.

26 აპრილს, ვლადიმირ პუტინისა და ანტონიო გუტერეშის შეხვედრის შემდეგ გაერომ გაავრცელა განცხადება, რომ პუტინი დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართულობას მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში.

სამდივნოს ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაეროს და წითელი ჯვრის მონაწილეობით აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას დათანხმდა.

თუმცა ასაპირისპირო განაცხადა კრემლის სპიკერმა , დმიტრი პესკოვმა, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შეხვედრაზე არ მიღწეულა კონკრეტული შეთანხმება მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართვის შესახებ.

მარიუპოლი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ოკუპანტი ქვეყნის სამიზნეა, ქალაქში თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დაბომბეს ბავშვთა სახლი და სამშობიარო, ასევე თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.

მარიუპოლში თითქმის სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. წითელი ჯვრის წარმომადგენლებს აქამდე ოკუპანტები ქალაქის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, მარიუპოლი მოლაპარაკებების პროცესში შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს.

მარიუპოლში ქარხანა "აზოვსტალი" ფაქტობრივად რჩება ქალაქის ერთადერთ პუნქტად, რომელიც კვლავ უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშაა. ქარხანა დღემდე ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებითაა გარშემორტყმული.

ქარხანაში გამაგრებული არიან საზღვაო ქვეითები და აზოვის პოლკის მებრძოლები. ქარხნის ტერიტორია მთლიანად დაბომბილია. ზოგიერთი ცნობით, ნანგრევების ქვეშ, მიწისქვეშა თავშესაფრებში, მარიუპოლის დამცველებთან ერთად, რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის, ქალები მცირეწლოვანი ბავშვებით.

აზოვსტალის მეტალურგიული ქარხანა აზოვის ზღვის სანაპიროზე 1933 წელს აშენდა. ქარხნის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ინდუსტრიული ზონაა. ეს არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული ქარხანა, ქალაქი ქალაქში. ტერიტორია თითქმის 11 კვადრატული კილომეტრია.

ქარხანას აქვს 24 კილომეტრიანი მიწისქვეშა გასასვლელი. ომამდე აზოვსტალში 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. აქ საწარმოები ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდება. აზოვსტალის პროდუქტები გამოიყენებოდა გემების, ხიდებისა და ნავთობსადენების ასაგებად. ეს იყო რკინიგზის რელსების ერთადერთი მწარმოებელი უკრაინაში.

ომის დაწყებამდე ქარხანა აწარმოებდა წელიწადში, დაახლოებით, ოთხ მილიონ ტონა ფოლადსა და რკინას. რუსეთის თავდასხმის შემდეგ ქარხნის თანამშრომლებს ტექნიკის გაჩერება მოუწიათ.

უკრაინაში 65 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print
თეგები: #აზოვსტალი