ახალი ამბები
საქართველო ევროკავშირს კითხვარის პირველ ნაწილს 2 მაისს გაუგზავნის
FaceBook
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სავალდებულო კითხვარის ნაწილს, საქართველო ევროპელ პარტნიორებს 2 მაისს გაუგზავნის.

კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც 369 შეკითხვისგან შედგება, პასუხები უკვე მომზადებულია. რაც შეეხება კითხვარის მეორე ნაწილს, მთავრობას მის მოსამზადებლად დრო 13 მაისამდე აქვს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

"მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს მას. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, ეს არის უფრო სექტორული ნაწილი, რომელიც ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 3200 კითხვა. მასზე დაწყებულია მუშაობა და წარდგენის ვადა არის 13 მაისი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბოლო ნაწილი აღნიშნული კითხვარის მალე გავუზიაროთ ჩვენს ევროპულ პარტნიორებს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, დღეს გამართულ ევროინტეგრაციის კომისიის სხდომაზე, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობდა, ასევე გადაწყდა, რომ საზოგადოებისთვის საჯარო გახდება კითხვარის მეორე ნაწილის შეკითხვებიც, რომელთა რაოდენობაც 2300-მდეა.

საქართველომ ევროკავშირისგან კითხვარი 11 აპრილს მიიღო. დოკუმენტის პირველი ნაწილი 369, მეორე კი 2300-მდე შეკითხვისგან შედგება. კითხვარის პირველი ნაწილი საზოგადოებისთვის უკვე საჯაროა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი 3 აპრილს მოაწერა. მთავრობამ დაჩქარებული წესით განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს, მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ ევროკავშირის წევრობა დაჩქარებული წესით მოითხოვა.
Print