ახალი ამბები
ქალაქი ქალაქში - აზოვსტალის ქარხნის ისტორია
FaceBook
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანა, რომელიც ახლა რუსული არმიითა გარშემორტყმული, ფაქტობრივად რჩება ქალაქის ერთადერთ პუნქტად, რომელიც კვლავ უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშაა.

ქარხანაში გამაგრებული არიან საზღვაო ქვეითები და აზოვის პოლკის მებრძოლები. ქარხნის ტერიტორია მთლიანად დაბომბილია. ზოგიერთი ცნობით, ნანგრევების ქვეშ, მიწისქვეშა თავშესაფრებში, მარიუპოლის დამცველებთან ერთად, რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის,  ქალები მცირეწლოვანი ბავშვებით.

აზოვსტალის მეტალურგიული ქარხანა აზოვის ზღვის სანაპიროზე 1933 წელს აშენდა. ქარხნის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ინდუსტრიული ზონაა. ეს არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული ქარხანა, ქალაქი ქალაქში. ტერიტორია თითქმის 11 კვადრატული კილომეტრია.

ქარხანას აქვს 24 კილომეტრიანი მიწისქვეშა გასასვლელი. ომამდე აზოვსტალში 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. აქ საწარმოები ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდება. აზოვსტალის პროდუქტები გამოიყენებოდა გემების, ხიდებისა და ნავთობსადენების ასაგებად. ეს იყო რკინიგზის რელსების ერთადერთი მწარმოებელი უკრაინაში.

ომის დაწყებამდე ქარხანა აწარმოებდა წელიწადში, დაახლოებით, ოთხ მილიონ ტონა ფოლადსა და რკინას. რუსეთის თავდასხმის შემდეგ ქარხნის თანამშრომლებს ტექნიკის გაჩერება მოუწიათ.

უკრაინაში 57 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print