ახალი ამბები
"პუტინთან მოლაპარაკება ნიანგთან ვაჭრობას ჰგავს" - ბორის ჯონსონი
FaceBook
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პუტინთან მოლაპარაკებას ნიანგთან ვაჭრობას ადარებს და ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ახლა ცდილობს გაიძლიეროს პოზიციები და ამის შესაბამისად გაზარდოს მოთხოვნები.

ბორის ჯონსონმა ამის შესახებ "როიტერთან" ისაუბრა.

"როგორ შეიძლება ნიანგთან მოლაპარაკება, როცა მას ფეხი ყბაში აქვს ჩადებული? ეს არის ის სირთულე, რომელსაც უკრაინელები აწყდებიან. ჩვენ, უბრალოდ, უნდა გავაგრძელოთ სტრატეგია, გავაგრძელოთ იარაღის მიწოდება",
- თქვა მან და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, რუსეთმა განაახლოს კიევზე თავდასხმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ომის შეჩერების ერთადერთ გზად დასავლეთის მიერ უკრაინის იარაღით მომარაგება მიაჩნია.

ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაზე, რომელიც 29 მარტის შემდეგ არ განახლებულა და თქვა, რომ ეს პაუზა კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთის მიერ ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებზე ისაუბრა.

ბორის ჯონსონი ასევე შეეხო ინდოეთში დაგეგმილ ვიზიტს და თქვა, რომ შეეცდება თავისი ინდოელი კოლეგა დაარწმუნოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის აუცილებლობაში. როგორც ცნობილია, ინდოეთმა თავი შეიკავა გაეროში გამართულ კენჭისყრაზე და მხარი არ დაუჭირა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობას, ასევე, არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

უკრაინაში 57 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print