ახალი ამბები
ფეხების კონტროლი მთლიანად დავკარგე - მიხეილ სააკაშვილი
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო  პროცესზე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, ბოლო დღეების განმავლობაში 12 კილოგრამი დაიკლო, ვერ იღებს საკვებს და კვირას ფეხების კონტროლიც მთლიანად დაკარგა.

"ბოლო დღეების განმავლობაში დავიკელი 12 კილოგრამი, პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს, ალბათ ამან გამოიწვია, თუ რამ არ ვიცი, მე კვირას ფეხების კონტროლი მთლიანად დავკარგე. ეს იწვევს მცირე ტკივილებს ფეხებში, რისი მოხსნაც ტკივილგამაყუჩებლებით ხდება. შემიძლია ვთქვა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახეს და თქვეს რომ სიტუაცია არის მძიმე, გორის ჰოსპიტალი ყველაფერი იყო სამკურნალო დაწესებულების გარდა, იქიდან უარესი მდგომარეობით დავბრუნდი ბევრი გაგებით, ვიდრე მიმიყვანეს.

რა თქმა უნდა, საპატიმრო არაა მორგებული რამის სამკურნალოდ, ეს გასაგებია, მაგრამ მადლობელი ვარ იქაური ექიმების, რაც შეუძლიათ აკეთებენ. მადლობელი ვარ აქაური ექიმისაც, რომელმაც სხდომის დაწყების შემდეგ მდგომარეობიდან გამომიყვანა, წამერთვა ხელახლა მგრძნობელობა და ვერ შევძლებდი სხდომის გაგრძელებას თუ არა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ნემსით გამიკეთდა,“- განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აყენებენ შუამდგომლობას, რომლის თანახმადაც მოსამართლემ პენიტენციური სამსახურის დირექტორს დაავალოს, ცენტრ „ემპათიას“ შექმნილი კონსილიუმის წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, სისტემატიურად მოინახულონ სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში და მიაწოდონ მას სათანადო სამედიცინო სერვისები.


Print