ახალი ამბები
"მარიუპოლი არ დაცემულა'' - პენტაგონი
FaceBook
რუსეთის თავდასხმის მიუხედავად, მარიუპოლი არ დაცემულა.
ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბიმ განაცხადა.

"ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსეთის საჰაერო თავდასხმებისა და არტილერიის მოძრაობას დონბასში და სამხრეთით. განსაკუთრებით, მარიუპოლის მიმდებარე ტერიტორიებსა და ქალაქის შიგნით, მარიუპოლი არ დაცემულა",
- განაცხადა ჯონ კირბიმ.

18 აპრილს, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები მარიუპოლს კეტავენ და გადაადგილებისთვის კი სპეციალურ საშვს გასცემენ.

მარიუპოლის მერის მრჩევლის თქმით, ქალაქში დარჩენილებს მოუწევთ ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ძალების შემოწმების გავლა.

მარიუპოლი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ოკუპანტი ქვეყნის სამიზნეა, ქალაქში თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დაბომბეს ბავშვთა სახლი და სამშობიარო, ასევე თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.

მარიუპოლში თითქმის სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. წითელი ჯვარი ოკუპანტებმა ქალაქის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, მარიუპოლი მოლაპარაკებების პროცესში შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს.

ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა მარიუპოლის მცველებს 17 აპრილს ულტიმატუმი წაუყენა და დანებება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქალაქის მცველების განადგურებით დაიმუქრა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გუშინ განაცხადა, რომ მარიუპოლი ჯერ კიდევ არ დაცემულა და ქალაქში კვლავ რჩებიან უკრაინის სამხედრო ძალები.

უკრაინაში 55 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.
Print
თეგები: #პენტაგონი