ახალი ამბები
ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა მარიუპოლი ჩაკეტეს და საშვის სისტემა შემოიღეს
FaceBook

ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცები მარიუპოლს კეტავენ, გადაადგილებისთვის კი სპეციალურ საშვს გასცემენ.


ამის შესახებ CNN-თან მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ განაცხადა.

მარიუპოლის მერის მრჩევლის თქმით, ქალაქში დარჩენილებს მოუწევთ ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ძალების შემოწმების გავლა.

"ასობით მოქალაქეს რიგში დგომა უწევს საშვის ასაღებად, რომლის გარეშეც, არამხოლოდ ქალაქის უბნებს შორის გადაადგილება, არამედ ქუჩაში გასვლაც აეკრძალებათ", - განაცხადა ანდრიუშენკომ CNN-თან.

მარიუპოლი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ოკუპანტი ქვეყნის სამიზნეა, ქალაქში თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დაბომბეს ბავშვთა სახლი და სამშობიარო, ასევე თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.

მარიუპოლში თითქმის სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. წითელი ჯვარი ოკუპანტებმა ქალაქის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, მარიუპოლი მოლაპარაკებების პროცესში შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს.

ოკუპანტი ქვეყნის სამხედროებმა მარიუპოლის მცველებს 17 აპრილს ულტიმატუმი წაუყენა და დანებება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქალაქის მცველების განადგურებით დაიმუქრა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გუშინ განაცხადა, რომ მარიუპოლი ჯერ კიდევ არ დაცემულა და ქალაში კვლავ რჩებიან უკრაინის სამხედრო ძალები.

უკრაინაში 54 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული ტერიტორიებიდან.

 

Print