ახალი ამბები
ევროკავშირისგან მიღებულ კითხვარებს სამინისტრო გაასაჯაროვებს
FaceBook
ევროკავშირისგან მიღებული კითხვარი გასაჯაროვდება.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, დოკუმენტის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია და სამინისტრო კითხვებს გაასაჯაროებს.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“
, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველომ ევროკავშირისგან კითხვარი 11 აპრილს მიიღო. დოკუმენტი 369 კითხვარისგან შედგება, რომლის შევსებაზეა დამოკიდებული მიიღებენ თუ არა საქართველოს ევროკავშირში. 

კითხვარების გასაჯაროების მოთხოვნით რამდენიმე არასამთავრო ორგანიზაცია გამოვიდა. 

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. მთავრობამ დაჩქარებული წესით განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა.
Print