ახალი ამბები
"ბავშვთა სახლი, რომელში 58 მოზარდი ცხოვრობს საფრთხეშია'' - უკრაინის სახალხო დამცველი
FaceBook
უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას თქმით, ოკუპირებულ ხერსონში ბავშვთა სახლში 58 აღსაზრდელია და ისინი მუდმივ საფრთხის ქვეშ არიან.
სახალხო დამცველის განმარტებით, ბავშვები დიდი ხნის განმავლობაში სარდაფში იმალებოდნენ, ბავშვთა სახლის ადმინისტრაცია კი, მათ უსაფრთხო გადაადგილებას ვერ უზრუნველყოფს.

"დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩება ბავშვთა სახლი ხერსონი. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, იქ 58 ბავშვია. ბავშვთა სახლის ადმინისტრაცია და ბავშვთა დაცვის სამსახურები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებას, რადგან ხერსონის რეგიონში ჰუმანიტარულ დერეფანზე მოლაპარაკება ვერ ხერხდება. ბავშვები და ბავშვთა სახლის თანამშრომლები რუსი ოკუპანტების მძევლები გახდნენ. მათ აკლიათ საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები" ,- წერს ლუდმილა დენისოვა.

სახალხო დამცველი "წითელ ჯვარს" მოუწოდებს, მიიღოს ყველა ზომა, რომ ბავშვებმა ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით დატოვონ ხერსონი და გაერომ გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს და ბავშვთა უფლებების დარღვევის ეს ფაქტები.

უკრაინაში არსებული 35 ბავშვთა სახლიდან ამ დროისთვის ევაკუირებულნი არიან 20 დაწესებულებაში მცხოვრები ბავშვები.

უკრაინაში 51 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.

Print