ახალი ამბები
ბავშვები, რომელთაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სწავლის დაწყებას შეძლებენ - კანონპროექტი დამტკიცებულია
FaceBook
საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტის ცვლილება, რომლის თანახმადაც ბავშვები, რომელთაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, სკოლებში სწავლის დაწყებას შეძლებენ.
პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით 83 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

მომხსენებლის გიორგი ამილახვარის განმარტებით, კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა განპირობებულია სასკოლო ასაკის ბავშვების რეგისტრაციის ვადების მოახლოებით.

„მრავალი წელია საკითხი, რომელიც ბავშვის სკოლაში შესვლის ასაკს ეხება, აქტუალურია საზოგადოებაში. ამ კუთხით არაერთი კვლევა ჩატარდა და მოსაზრება გამოითქვა. ამ ყველაფერზე დაყრდნობით საზოგადოებრივი აზრი იხრება იქით, რომ ყველაზე სწორი, ყველაზე ლოგიკური და ყველაზე სამართლიანია დაწყებით საფეხურზე სწავლა დაიწყონ იმ ბავშვებმა, ვისაც 6 წელი უსრულდება 31 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, ამას სჭირდება შესაბამისი მომზადება, რომ სისტემა მზად დახვდეს აღნიშნული ნაკადის მიღებას. ჩვენ ამ მიმართულებით ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით და ეტაპობრივად გადავწევთ ვადას, თუმცა ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გადაგვედო ეს საკითხი შემდგომი წლისთვის და იმ მცირე და ყველაზე მწვავე პერიოდის კონტინგენტს წელსვე შეხებოდა ეს ცვლილება“,
- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა კანონპროექტის წარდგენისას.

მისივე თქმით, 2 500 პირს უკვე წელსვე ექნება შესაძლებლობა მიმართოს სკოლას და ვინაიდან პირველკლასელთა ელექტრონულ რეგისტრაციის ვადა ახლოვდება, კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რათა შეძლოს სარგებლობა ყველამ ვინც ამ პერიოდამდე არის დაბადებული.

ამ დრომდე კი, პირველკლასელი იმ შემთხვევაში მიდიოდა სკოლაში, თუკი ის სწავლის დაწყების მომენტისთვის (15 სექტემბერი) 6 წლის იყო.



Print