ახალი ამბები
ამერიკამ უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარის პაკეტს გამოუყოფს.
ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ აგზავნის დამატებით 800 მილიონი დოლარის იარაღს, საბრძოლო მასალას და უსაფრთხოების სხვა დახმარებას.

"რადგან რუსეთი ემზადება დონბასის რეგიონში თავდასხმის გასაძლიერებლად, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობების მიწოდებას. ახალი აღჭურვილობა მოიცავს "საარტილერიო სისტემებს და ჯავშანტრანსპორტიორებს. ასევე, დამატებითი შვეულმფრენების გადაცემა", - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ბაიდენის თქმით დახმარების მიზანია, რომ პუტინმა ვერ შეძლოს უკრაინის დაპყრობა და ომის კონტროლი.

უკრაინაში 50 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. აწამებენ, აუპატიურებენ და ხვრეტენ ადამიანებს. სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ადგილობრივები პოულობენ მასობრივ საფლავებს, დახვრეტილ ადამიანებს სარდაფებში.

უკრაინის გენერალურ პროკურატურას ათასობით სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული რუსი სამხედროების წინააღმდეგ, მსოფლიო ლიდერები კი საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევს.
Print