ახალი ამბები
"14 აპრილი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში მოპოვებული ენის დღეა"
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს.

პრემიერი ენას ერის იდენტობის უმთავრეს ნიშანს უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ბრძოლით მოიპოვა.

"ენა ერის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. საქართველოს თვითმყოფადობას, ისტორიულ მეხსიერებას, პატრიოტულ სულისკვეთებას და ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას სწორედ ქართული ენა აერთიანებს. ჩვენი ერისათვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი - ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ხალხის მიერ მოპოვებული სახელმწიფო ენის დღე. ჩვენმა გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულს, არამედ სხვა რესპუბლიკების ენებსაც შეუნარჩუნა სახელმწიფო სტატუსი.

წელს სახელმწიფო ენის დღეს განსხვავებულად აღვნიშნავთ. საქართველოს მთავრობის დამტკიცებული სახელმწიფო ენის ათწლიანი პროგრამით ჩამოყალიბდა სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ახალი მიზნები და ის პირობები, რომლებიც ამ ამოცანის მისაღწევად იქმნება. ათწლიანი სტრატეგია ხელს შეუწყობს როგორც ქართული და აფხაზური ენების კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების უკეთ შესრულებას, ისე ქართველური ენების დაცვას, კვლევასა და ენობრივი ტექნოლოგიების განვითარებას.

თითოეული ჩვენგანის ვალია განსაკუთრებული პატივისცემით მოვეპყრათ ენას და შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს ეს ჭეშმარიტი საგანძური", - წერს პრემიერი.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა.

ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული.

ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
Print