ახალი ამბები
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' შემაჯამებელ აქციას გეგმავს
FaceBook
მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' 7 მაისს გუმათში შემაჯამებელ აქციას აანონსებს.
აქციის ორგანიზატორების თქმით, აქციაზე გაჟღერდება სამომავლო გეგმებიც.

"კომპანია „ენკა“, ნამოხვანის ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ტოვებს რიონის ხეობას. ჩვენი პროტესტის კარვების ეტაპიც დასასრულს უახლოვდება. ყველაფრის მიუხედავად, ხელისუფლება, ასევე მთელი პოლიტიკური სპექტრი არ ცვლის მიწის, წყლის და სხვა რესურსების არაეროვნული და არასახელმწიფოებრივი განკარგვის პოლიტიკას, ცდილობს, დოკუმენტალურად, უკვე პარლამენტის გავლით შეინარჩუნოს ისეთი გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი პროექტები, როგორიც ნამოხვანია და ასე აცოცხლოს დღეს არსებული ძარცვის პოლიტიკა.

ჩვენ არჩევანი არ გვაქვს - თუ მოვდუნდებით, ყველაფერი, რაც მიღწეულია, გაბათილდება. ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა ყველა ის სისტემური პრობლემა, რაც ნამოხვანის პროტესტმა ცხადჰყო, საფუძველშივე აღმოიფხვრას. გუმათში გაიმართება კარვებით პროტესტის შემაჯამებელი აქცია, გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ემოციები და თქვენთან ერთად დავსახოთ მომავალი მოქმედების გეგმა. არ არსებობს სხვა ძალა, გარდა ხალხისა! მოუთმენლად გელით, გვქონდეს ერთმანეთის იმედი!",
-
აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ნამახვანჰესის''  მშენებელმა კომპანია ,,ენკამ'' რიონის ხეობიდან ტექნიკის დემონტაჟი 4 აპრილს დაიწყო. კომპანია "ენკა რინიუებლზი" რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს აშენებდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობისგან უწყვეტი პროტესტი მოჰყვა.ადგილობრივები ღია ცის ქვეშ კარვებში 484 დღე აპროტესტებდნენ ,,ნამახვანჰესის'' მშენებლობას.

სპეციალისტები, რომლებმაც ხელშეკრულება დეტალურად შეისწავლეს, აცხადებდნენ, რომ მასში დათმობილი იყო სახელმწიფო ინტერესი.

კომპანიამ გასული წლის სექტემბერში, საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის მიზეზით, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განაცხადი. იმ დროიდან მოყოლებული, ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა, ადგილზე რჩებოდა მძიმე ტექნიკა.



Print