ახალი ამბები
ქუთაისის მერიის პასუხი აუდიტის დასკვნაზე, რომელშიც დანაშაულის ნიშნები იკვეთება
FaceBook
ქუთაისის მერია აუდიტის სამსახურის მიერ რვა აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნას ოთხი დღის შემდეგ პასუხობს, თუმცა, არაფერს ამბობს მის შინაარსზე.

მერიამ განმარტების სახით მოკლე პასუხი მოგვწერა, საიდანაც ვიგებთ, რომ დასკვნაში მოყვანილ სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე მსჯელობენ.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის აუდიტის ანგარიშის თაობაზე, ამ ეტაპზე ქუთაისის მერიასა და სახელმწიფო აუდიტს შორის მიმდინარეობს კითხვა- პასუხის პროცესი. სახელმწიფო აუდიტმა მოგვაწოდა საკუთარი ანგარიში, ქუთაისის მერიას აქვს თავისი პასუხები და როცა საბოლოოდ შევჯერდებით, შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის კომენტარს",
- მოგვწერა ქუთაისის მერიამ.

აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2019-2020 წლების პერიოდს მოიცავს, არაერთ გადაცდომაზეა საუბარი, რომელიც როგორც ოპოზიციის, ასევე, არასამთავრობო სექტორის შეფასებით, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რაზეც მასშტაბური გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. დასკვნაში მოყვანილი ფაქტების საფუძველზე, კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით, პროკურატურას "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აუდიტის დასკვნაში მოყვანილ ფაქტებს შემაშფოთებელს უწოდებს და მიიჩნევს, რომ კვლევის შედეგების საფუძველზე ფართომასშტაბიანი გამოძიება უნდა დაიწყოს.

"შემაშფოთებელ ფაქტებზეა საუბარი ამ დასკვნაში. მაღალი თანამდებობის პირები დასაბუთების გარეშე იღებენ სოციალურ დახმარებას, როცა ქალაქში ცხოვრობს უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომლებსაც უნდა მოხმარებოდა რეალურად ეს თანხა. აქ საუბარია მორგებულ პრივატიზაციებზე, სასურველ პირებზე ასხვისებენ ქუთაისში მიწებს, 45 ფაქტია, როცა ავზში ჩაასხეს იმაზე მეტი საწვავი, ვიდრე ეტეოდა. ბუნებრივია,  არ ჩაუსხიათ და ეს თანხა თუ ვაუჩერი ჩაიდეს ჯიბეში. საუბარია რესტორნებში დახარჯულ თანხაზე და სხვა არაერთ ფაქტზე.

როცა ორი წლის განმავლობაში ამდენი ფაქტია დაგროვილი, ბუნებრივია გამოძიება უნდა იყოს დაწყებული. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე თანამდებობის პირი აიღებდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და გადადგებოდა ან დადებდა პირობას, რომ ითანამშრომლებდა შესაბამის უწყებებთან და თუ ეს პირები აღარ არიან თანამდებობებზე, ეს არ ცვლის არაფერს, ეს დანაშაულები მაინც გამოსაძიებელია. ეს არის 2019-2020 წლები და როცა 2021 წლის ანგარიში გამოქვეყნდება, ჩვენ არ ვიცით იქ რა იქნება, შესაძლოა, წინა წლების პრაქტიკა გრძელდება",
- ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მთავარი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავიძე.

სახელმწიფო აუდიტმა ქუთაისის მერიაში 2019-2020 წლების პერიოდის მონიტორინგის შედეგები რვა აპრილს გამოაქვეყნა. დასკვნის ყველაზე სკანდალური პუნქტი მერიისა და საკრებულოს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სოციალური დახმარების მიღებას ეხება. როგორც ირკვევა, ადგილობრივი თვითმმართველობის არაერთი მაღალჩინოსანი, სოლიდური ანაზღაურების პარალელურად, ფულად შემწეობას იღებდა.

დასკვნაში საუბარია არაერთ დარღვევაზე. მაგალითად, აუდიტმა აღმოაჩინა, რომ ქუთაისის მერიამ 45-ჯერ ავტომანქანის ავზში იმაზე მეტი საწვავი ჩაასხა, ვიდრე ფიზიკურად შეიძლებოდა, ეს კი ერთადერთ რამეს ნიშნავს - დარჩენილი საწვავის თანხა ან ტალონი მიითვისეს. უხარისხოდ შეასრულეს 2 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები; არ გააკონტროლეს 22 700 000 ლარის ღირებულების, სესხით ნაყიდი ავტობუსების ხარისხი, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებები 594- ჯერ გაფუჭდა; კონკრეტული პირის ინტერესებს მოარგეს და საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდეს ქალაქის ბალანსზე არსებული მიწები; მერიამ სრულად ვერ მიიღო ქონების იჯარიდან დაგეგმილი შემოსავალი; 129 000 ლარის საქონელი შეისყიდა მიმწოდებლისგან, რომელიც მერის მოადგილესთან დაკავშირებული საწარმოა. მერის მოადგილე კი სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო; მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მითითებულ წლებში ემსახურებოდა 125 ავტომობილით მეტი, ვიდრე რეკომენდებულია; 113ჯერ ისარგებლა მუნიციპალიტეტმა სარესტორნო მომსახურებით ხარჯების გაწევის საჭიროების დასაბუთების გარეშე.

ამავე თემაზე:

Print