ახალი ამბები
ხარვეზების მთელი პაკეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - აუდიტის დასკვნა
FaceBook
მუნიციპალიტეტში არსებობს ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - ეს ერთ-ერთია იმ ხარვეზებიდან, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აღმოაჩინა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის კვლევა ჩაატარა.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ხარვეზები რამდენიმე მიმართულებით - ფინანსური რესურსების მართვის, ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მუნიციპალური სერვისების მიწოდების, სოციალური უზრუნველყოფის და სხვა კუთხით. 

აუდიტის დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2019-2020 წლებში, 27% და 10% დააკლდა. 

პრობლემები გამოჩნდა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხიანად კეთების ნაწილში. კერძოდ, 1 620 4 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, ვერ მიაღწიეს დადგენილ ხარისხს. რის შემდეგაც, ახლადშერემონტებული ობიექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესდა.

სამუშაოების შესრულებისას მუნიციპალიტემა ვერ დაიცვა გრაფიკი. მიზეზი შესყიდვების პროცესის კონტროლის სისუსტე იყო. აუდიტის დასკვნის თანახმად მერიამ გეგმა-გრაფიკის დარღვევისას მიმწოდებლებს პირგასამტეხლო არ დაარიცხა. აღნიშნული ქმედების შედეგად ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება დაგვიანდა. ამასთანავე, მერიამ ვერ მიიღო, დაახლოებით, 178.0 ათასი ლარის საჯარიმო თანხა.

წყალტუბოში მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემებიც აქვს. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს (55%) წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით. სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება, აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტმა დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტი ზღუდავდა კონკურენციას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა შესყიდვების განხორციელებისას ვერ მიიღო სატენდერო ეკონომია. დასკვნაში ხაზგასმულია იმის შესაძლებლობა და რისკიც, რომ მუნიციპალიტეტი და ტენდერში ჩართული პირები რამდენიმე შემთხვევაში მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით და სამუშაოები განხორციელდა ხელშეკრულებების გაფორმებამდე.

სამედიცინო დახმარების პროგრამის მიმდინარეობისას 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტი იღებდა ბიუჯეტით განსაზღვრულზე მეტ ფინანსურ ვალდებულებას და აგრეთვე არ ითვალისწინებდა წინა წლებში დაუფარავ ვალდებულებებს. შედეგად, მუნიციპალიტეტს წლების განმავლობაში დაუგროვდა აღებული და შეუსრულებელი ვალდებულებები, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნებს.

ამასთან, მუნიციპალიტეტმა სარეზერვო ფონდიდან 243.0 ათასი ლარი კანონშეუსაბამოდ დახარჯა ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების დასაფინანსებლად, სოციალური დახმარების პროგრამისათვის დადგენილი კრიტერიუმების გარეშე.

აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაშიც ბევრი ხარვეზი და გადაცდენა აღმოაჩინა.
Print