ახალი ამბები
რუსეთმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა
FaceBook
მტერმა  უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც  უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.

საინფორმაციო სააგენტოები „აზოვის“ ბატალიონზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დამპყრობლებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალზე“ იერიშისას გამოიყენეს და მოწამვლის ნიშნები სამ ადამიანს აქვს.

რუსეთის არმიის მოგერიება გრძელდება ხარკოვის ოლქშიც. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაბომბვების შედეგად, 8 ადამიანი, მათ შორის, 1 ბავშვი დაიღუპა.

სამხედრო დაპირისპირდება გრძელდება ლუგანსკის ოლქშიც. უკრაინული ძალები იქ რუსული იარაღის საწყობის განადგურების შესახებ იუწყებიან.

უკრაინაში ომის 48-ე დღეა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ასობით ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი ბავშვია მოკლული
Print