ახალი ამბები
"არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში" - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება.

"გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში. არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს დაცვას", - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე ისაუბრა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის გამოგზავნილ კითხვარზე და თქვა, რომ შევსებული დოკუმენტი ბრიუსელს მალე გადაეგზავნება.

პრემიერმა სხდომაზე ასევე თქვა, რომ 11 აპრილიდან სავალდებულო იქნება ე.წ. გენერიკული რეცეპტის გამოწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმი რეცეპტს გამოწერს საერთაშორისო სტანდარტით, ფარმაცევტს კი ვალდებულება ექნება მომხმარებელს რეცეპტის მიხედვით სამი ყველაზე იაფი მედიკამენტი შესთავაზოს, რის შემდეგაც, მომხმარებელი თავად გადაწყვეტს რომელი მედიკამენტი შეიძინოს.
Print