ახალი ამბები
ფრანები და უსასრულობის სიმბოლო - თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნის აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, თეთრ ხიდზე, საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულებს პატივი მიაგეს.
აქცია სიმბოლურად 9 აპრილს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, მსოფლიომ არ უნდა შეწყვიტოს პუტინის წინააღმდეგ ბრძოლა და ეს ბრძოლა საბოლოოდ სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებით უნდა დასრულდეს.

აქციაზე რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. აქტივისტებმა თეთრ ხიდზე 9 აპრილის ტრაგედიის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინის ომების ამსახველი ფოტოები მიიტანეს. თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ ათობით ფრანი გაუშვეს, შემდეგ კი სანთლებით უსასრულობის ნიშანი გამოსახეს.


2022 წლის 9 აპრილს 33 წელი შესრულდა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული ანტისაბჭოთა აქცია სასტიკად დაარბია რუსულმა ჯარმა. საბჭოთა არმიამ ორლესული ნიჩბებით საქართველოს 21 მოქალაქე მოკლა. დემონსტრაციის დასაშლელად გამოყენებული იყო მხუთავი აირი, რომელმაც ასობით ადამიანი მოწამლა. გარდაცვლილთა უმეტესობა ახალგაზრდა იყო, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.
Print