ახალი ამბები
უკრაინელმა კაცმა ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან გაქცევა ზღვის გადაცურვით შეძლო
FaceBook
მარიუპოლში მცხოვრებმა დიმიტრი იურინმა ალყაშემორტყმული ქალაქის დატოვება აზოვის ზღვის გადაცურვით შეძლო.

ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. ქალაქი რუსი ოკუპანტების მიერ თვეზე მეტია ალყაშია, თუმცა, დიმიტრი იურინმა მარიუპოლის ნებისმიერ ფასად დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქის დრამატული თეატრი დაბომბეს.

"საშინელება იყო უზარმაზარი აფეთქება. მესმოდა ტირილი და ყვირილი. დავინახე სხეულები და ცხედრები. ერთი ქალი გამოვიყვანე, მერე გოგო და მერე ბიჭი. ყველა დაშავდა. ხელები მიკანკალებდა. სისხლით ვიყავი დაფარული",
- ყვება დიმიტრი.

მან პლასტმასის ბოთლებისგან და ტყავის ჩანთებისგან ააწყო დამცავი მოწყობილობა, რომელიც ზღვაში ცურვის დროს დაეხმარა და 4 კილომეტრის მანძილის დაფარვის შესაძლებლობა მისცა.

სასოწარკვეთილი ლტოლვილი ორსაათნახევარი იმყოფებოდა ზღვაში.

მან გაიარა რუსეთის პოზიცია რიბაცკესთან და ბოლოს სოფელ მელექინამდე მიცურა. სოფელი რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო. ის ხანდაზმულ წყვილს გადაეყარა, რომლებიც დაეხმარნენ. მათი დახმარებით იურინმა მოახერხა მიკროავტობუსში ჩაჯდომა, რომელიც მიემართებოდა ბერდიანსკის პორტისკენ, რომელიც ასევე ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ. მისი თქმით, საგუშაგოზე მყოფმა რუსმა ჯარისკაცებმა მას ყურადღება არ მიაქციეს. "ისინი 17 თუ 18 წლისები იყვნენ", - იხსენებს ის.

ქალაქ ბერდიანსკიდან მან შეძლო უკრაინის მიერ ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე გადასვლა.

უკრაინაში ომის 45-ე დღეა. უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები. ქალაქ ბუჩადან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა ასობით ნაწამები და დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 170-ზე მეტი ბავშვია მოკლული.
Print