ახალი ამბები
„აქცენტი იქნება მაღალმხატვრულ რეპერტუარზე“ - მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მომავლის გეგმებზე ისაუბრა.

თეატრის ხელმძღვანელმა  ხაზი გაუსვა მიზანს, რომელსაც თეატრი დაისახავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ეს  სპექტაკლების მაღალი ხარისხი იქნება. 

"მაღალმხატვრულ რეპერტუარზე იქნება აქცენტი. მნიშვნელოვანი იქნება თეატრში სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც, თანხების მოძიება, რადგან ეს უნიკალური შენობა რემონტს საჭიროებს. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ქუთაისის მესხიშვილის თეატრში იყოს ის რეპერტუარი, რომელიც ეკადრება და რომელსაც იმსახურებს ეს თეატრი",
- აღნიშნა გიორგი თავაძემ. 

ახალმა ხელმძღვანელმა მიუთითა, რომ თეატრის კარი ღიაა ახალგაზრდებისთვის, თუმცა თეატრში სპექტაკლის ავტორებს არ შეარჩევენ ასაკის მიხედვით და აქ ყველა ასაკობრივი კატეგორიის რეჟისორს  მეიცემა თავის წარმოჩენის საშუალება.

"მესხიშვილის თეატრის კარი ღიაა ახალგაზრდებისთვის, თუმცა ახალგაზრდობა პანაცეა არაა და არ ნიშნავს რომ შედევრს დადგამს. "ძველაგზრდასაც" უნდა დაეთმოს ასპარეზი. იგივე შეიძლება ითქვას თანამედროვეობის გაგებაზეც. მასალა შეძლება იყოს თანამედროვე, თანამედროვე თემებსა და პრობლემებზე, მაგრამ სპექტაკლი არ იყოს თანამედროვე. თავისი ფორმით და სათქმელით. გააჩნია როგორ შევხედავთ ცნებას თანამედროვეობას".

გიორგი თავაძემ ისაუბრა მედიის როლზე თეატრის პოპულარიზებისა და  მაყურებლის რაოდენობის გაზრდის საკითხში. 

"სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ხშირად პოპლარობას ამა თუ იმ მხატვრული ნაწარმოებისას არა ხარისხი განსზღვრავს არამედ როგორ არის შეფუთული და როგორ მოხდა მისი გაპიარება...თეატრი არ არის დღეს ისეთი  პოპულარული სახელოვნებო დარგი როგორიც ეს იყო დავუშვათ  გასული საუკუნის 70-იან წლებში. როცა ხალხი პრემიერებით ცხოვრობდა. ეს ჟანრი არ მოკვდება, მაგრამ რაღაცნაირად ჭირდება სისხლის გამოცვლაც დ ა სასიცოცხლო ახალი არტერიების გაჭრაც. გარედან დახმარებაც ჭირდება მათ შორის ჟურნალისტების."

რეჟისორი გიორგი თავაძე სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. მან ამ თანამდებობაზე რეჟისორი კოტე აბაშიძე შეცვალა.

გიორგი თავაძეს განათლება მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, მიხეილ თუმანიშვილისა და გიზო ჟორდანიას ხელმძღვანელობით. სხვადასხვა წლებში იყო დამდგმელი რეჟისორი გორის გ. ერისთავის სახელობის თეატრში, მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, ს. ახმეტელის სახელობის თეატრში, კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრში, ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის თეატრში, ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და სხვ.

2013 წელს, თეატრალურმა საზოგადოებამ მას "წლის საუკეთესო რეჟისორის" ტიტული მიანიჭა ახმეტელის თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლისთვის "მაგიის საოცრებანი".

რეჟისორი კოტე აბაშიძე მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 2017 წლიდან იყო.
Print