ახალი ამბები
რუსებმა ჰუმანიტარული ავტობუსების კოლონა გაიტაცეს
FaceBook
უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის გზაზე, რუსმა ოკუპანტებმა ჰუმანიტარული ავტობუსების კოლონა გაიტაცეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ზაპოროჟიას სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

ალექსანდრე სტარუხის თქმით, ავტობუსები ზაპოროჟიაში ხალხის ევაკუაციის მიზნით მიდიოდნენ, რა დროსაც ისინი რუსმა სამხედროებმა გააჩერეს.

"მძღოლებს ერთ ავტობუსში გადასვლა და უკან დაბრუნება აიძულეს. დანარჩენი ავტობუსები რუსმა დამპყრობლებმა ჩამოართვეს", - განაცხადა ალექსანდრე სტარუხმა.

ეს ოკუპანტების მიერ ჰუმანიტარული ავტობუსების გატაცების პირველი შემთხვევა არ არის. რუსი სამხედროები სისტემატურად ესხმიან თავს ჰუმანიტარული მიზნით მოძრავ ავტომანქანებს, ესვრიან მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ზონის დატოვებას ცდილობენ.

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, 8 აპრილს, უკრაინის ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაციისთვის 10 ჰუმანიტარული დერეფნის განხორციელება იყო დაგეგმილი.

უკრაინაში 44 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
Print