ახალი ამბები
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში  პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული, რომელსაც თავად  მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.

სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

მიხეილ სააკაშვილი ასევე,  მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.
Print