ახალი ამბები
რუსეთი დონბასზე თავდასხმისთვის ემზადება - ბრიტანეთის დაზვერვა
FaceBook
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, რუსეთის მიერ დონბასზე თავდასხმისთვის მზადებაზე საუბრობს.

მათი ინფორმაციით, რუსული ჯარი ჩრდილოეთიდან სრულად გაყავთ და აღმოსავლეთით შეტევისთვის ემზადებიან.

"ჩრდილოეთით, რუსული ჯარები ახლა მთლიანად გაიყვანეს უკრაინიდან ბელორუსიასა და რუსეთში. ამ ძალების ნაწილი მაინც გადაინაცვლებს უკრაინის აღმოსავლეთში დონბასზე თავდასხმებისთვის",
- ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

დაზვერვის ვარაუდით, დონბასზე თავდასხმამდე რუსულ ჯარებს მნიშვნელოვანი გაძლიერება დასჭირდება, რასაც დაახლოებით, ერთ კვირას მაინც მოახმარენ.

"ამ ძალებიდან ბევრს დასჭირდება მნიშვნელოვანი გაძლიერება, სანამ ისინი მზად იქნებიან უფრო აღმოსავლეთისკენ გადაადგილებისთვის. როგორც ითქვა, ჩრდილოეთიდან ნებისმიერ მასიურ გადანაწილებას, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება", - მიიჩნევს ბრიტანეთის თავდაცვა.

რუსები ახლა აგრძელებენ აღმოსავლეთისა და სამხრეთის ქალაქების დაბომბვას, რუსული ჯარები გადასული არიან სამხრეთით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ იზიუმიდან, რომელიც ჯერჯერობით, მათი კონტროლის ქვეშ რჩება.

დონბასზე თავდასხმისთვის მზადებაზე ისაუბრა ლუგანსკის OVA-ს ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ. მისი თქმით, უკრაინა ლუგანსკასა და დონეცკში დიდ ბრძოლებს ელოდება.

"ჩვენ ვგრძნობთ მზადების დასასრულს იმ დიდი ბრძოლისთვის, რომელიც გვექნება ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში. ჩვენ გვაქვს მუდმივი მცდელობები მოწინააღმდეგის მხრიდან გარკვეული მიმართულებებით გაარღვიოს თავდაცვის ხაზი. გუშინ დილის 4 საათიდან რუბიჟნეში ბრძოლა იყო. ჩვენი დამცველებისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა: ჩამოაგდეს რამდენიმე ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი და დაიღუპა 50-მდე მტერი", - განაცხადა გაიდაიმ.

უკრაინაში 44 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
Print