ახალი ამბები
უკრაინაში დღეს 11 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება
FaceBook
უკრაინის ქალაქებიდან ადგილობრივები დღეს რამდენიმე მიმართულებით შეძლებენ გადაადგილებას.

უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერშჩუკის ინფორმაციით, 6 აპრილს 11 დერეფანი გაიხსნება.

კერძოდ, ქალაქ მარიუპოლიდან ზაპოროჟიემდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება საკუთარი ტრანსპორტით. ასევე, გასვლა თავისუფალი იქნება ბერდიანსკიდან ზაპოროჟიემდე. გზა იხსნება ზაპოროჟიის ქალაქ ტოკმაკიდან, გულიაიპოლედან და ენერგოდარიდან, როგორც საკუთარი ტრანსპორტით, ასევე, ავტობუსების დახმარებით.

ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება ქალაქ მელიტოპოლიდან ზაპოროჟიემდე. აქ გასვლა შესაძლებელი იქნება როგორც საკუთარი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით.

რეისები შესრულდება ქალაქ სევეროდონეცკიდან ბახმუტამდე; ლისიჩანსკიდან ბახმუტამდე; ქალაქ პოპასნაიადან ბახმუტამდე; ქალაქ რუბეჟნოედან ბახმუტამდე; სოფელ გორნოედან ბახმუტამდე. 

უკრაინაში 42 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაღუპულია 7 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 300-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.
Print