ახალი ამბები
ხარაგაულის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატი ძალის გამოყენებით გაიყვანეს
FaceBook
ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მანანა ბარბაქაძის დიპლომის გასაჯაროება მოითხოვა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ირწმუნება, რომ თავმჯდომარის დიპლომი ყალბია და მას თანამდებობაზე ყოფნის უფლება არ აქვს. ავალიშვილის მოთხოვნას სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ავალიშვილი სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ოპოზიციამ, თავმჯდომარესთან ერთად, საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების გასაჯაროებაც მოითხოვა, თუმცა, მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ დიპლომების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის.

ოფიციალური ინფორმაციით, მანანა ბარბაქაძემ 1988 წელს დაამთავრა მოსკოვის პოლიციის აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით; 1990 წელს კი – მეორადი ფაკულტეტი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკა და თანამედროვე კომერციული საქმიანობა.
Print