ახალი ამბები
ქუთაისში ფასადების რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშები ხელფასებს ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე საცხოვრებლი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციაზე მომუშავე მუშებს კუთვნილი ხელფასები ამ დრომდე არ მიუღიათ.

თუმცა, სამუშაოები ორი დღის წინ დასრულდა.

სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების განმარტებით, მათ მხოლოდ თანხის ნაწილი გადაუხადეს,  დანარჩენი კი, შეპირების მიუხედავად ამ დრომდე არ მიუღიათ.

"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, ხელფასების მისაღებად მუშები თბილისში, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ოფისში აპირებენ მისვლას.

აღამაშენებლის გამზირზე შენობების ფასადების რეკონსტრუქციას თბილისში რეგისტრირებული კომპანია შპს
GDS company-ია აწარმოებს.
კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მუშები ხელფასებს დღეს მიიღებენ.

" ხელფასებს გავცემთ დღეს. სულ ორი დღეა სამუშაოები დავასრულეთ და წინასწარ ხომ არ გადავუხდიდით ხელფასებს. ჯერ ხარაჩოებიც არ არის გატანილი", - განმარტავს შპს GDS companyის წარმომადგენელი ალექსანდერე გეჯაძე.

ქუთაისის მერიამ აღმაშენებლის გამზირზე 17 ობიექტის (№№ 9, 11, 13, 27, 31, 35, 37, 39, 41, 43, 22, 24, 40, 46,48, 50, 52) ფასადების სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე 716`092 ლარის ღირებულების გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის ივნისში გამოცხადდა.

ტენდერში მონაწილეობას შპს  City Builder, შპს იბერია და შპს GDS company იღებდა. ამ უკანასკნლელმა სამ რაუნდიანი ვაჭრობის შედეგად შპს იბერიას 6 507 ლარით აჯობა.

სწორედ აღნიშნული თანხით ნაკლები შესთავაზა GDS company-მა მერიას სარეკონტრუქციო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ. 

საბოლოო ჯამში, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის 17 ივლისს 562 869 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება შპს GDS company-სთან. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას აღებული პასუხისმგებლობა ვადა დღეს ეწურება.

Print