ახალი ამბები
"უნდა ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში" - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში ჰესების დაჩქარებული ტემპით მშენებლობის ინიციატივით გამოდის.

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ბიზნესისთვის ამ შეთავაზებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ერთ კვირაში სამთავრობო გუნდი წარმოადგენს მოდელს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მცირე, საშუალო და დიდი ზომის ჰესები უნდა აშენდეს.

"მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ეკონომიკის საბჭოზე და მივეცი დავალებები შესაბამის სამინისტროებს. ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სფეროში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით უნდა ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში, იქნება ეს მცირე, საშუალო ზომის თუ დიდი ჰესები.

ჩვენ რამდენიმე დღეში შევიმუშავებთ საბოლოო მოდელს და ვფიქრობ, მომავალ კვირაში მექნება საშუალება, ეს შეთავაზება გავუკეთო ბიზნესს, რომ ამით ხელი შეეწყოს გენერაციის სუბიექტების მშენებლობას და რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ჰესების მშენებლობა.

წლიდან წლამდე ჩვენ გვეზრდება ელექტროენერგიის მოხმარება და ამ დროს გენერაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას, რაც რა თქმა უნდა,  ძალიან დიდი რისკის წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას და ზოგადად ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას. ამიტომ, ახლა არ მინდა ამ დეტალებზე საუბარი, მომავალ კვირაში ჩვენ წარვუდგენთ ამ შეთავაზებათა პაკეტს ბიზნესს",
- განაცხადა პრემიერმა.

რამდენიმე დღის წინ, კომპანია "ენკამ", რომელიც რიონის ხეობაში 433მგვტ. სიმძლავრის ჰესს აშენებდა, სახელმწიფოსთან გაფორმებული 800 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა. კომპანიამ ხეობა ადგილობრივთა პროტესტის შედეგად დატოვა. ხეობის მცხოვრებლები, სპეციალისტებზე დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ ხელშეკრულებაში დათმობილი იყო სახელმწიფო ინტერესი და ის რეალურად მორგებული იყო ინვესტორზე.
Print