ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს ტყიბულში დღეს დაკრძალავენ
FaceBook
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დავით გობეჯიშვილს სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს.

დაღუპული მეომრის პატივსაცემად ეკლესიაში მოდიან მისი მეგობრები, ნათესავები, ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ქართველი მებრძოლი ქალაქ ირპენში 26 მარტს დაიღუპა.

დავით გობეჯიშვილი მეოთხე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა. იგი ირპენში, საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა. დავითი სოხუმიდან იყო დევნილი, იგი მონაწილეობდა აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებში.

ქალაქ ირპენთან დაიღუპნენ ორი ქართველი მებრძოლი დავით რატიანი და გია ბერიაშვილი. ისინი სამხედრო პატივით, სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს. რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულს ბახვა ჩიქობავას, მისი ცხედრის ბლოკირებული მარიუპოლიდან გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

უკრაინაში 39-ე დღეა ომია.

24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის დაწყების შესახებ განაცხადა. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
Print