ახალი ამბები
ქუთაისში საკურას ხეივანი გაშენდა
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე საკურას ხეივანი გაშენდა.

ათობით ხის ძირი, ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის სახელობის ძიუდოს სპორტული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო. ხეების დარგვის პროცესს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირაც ესწრებოდა. ხეივნის გაშენება საქართველო-იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წელს მიეძღვნა.

საკურა დეკორატიული ალუბლის გვარის მცენარეა. იგი ყვავილობს გაზაფხულზე, მარტისა და აპრილის თვეებში. მისი განსაკუთრებული სილამაზე ყვავილების ფერების გრადაციაშია. საკურას ყვავილები შეფერილია მუქი წითლიდან მკვეთრ ვარდისფრამდე ან თეთრამდე გარდამავალ ფერებში. საკურას ნაყოფი და ყვავილები გამოიყენება საკვებ პროდუქტებში. საკურა ძალიან ფაქიზ მცენარედ ითვლება. თუ მას ტოტს მოტეხავთ, შესაძლოა მთლიანი ხე გახმეს ან დალპეს.

საკურა ძირითადად იზრდება დასავლეთ ციმბირში, იაპონიაში, ჩინეთსა და აშშ, თუმცა, იაპონურ კულტურაში მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. 1992 წლიდან იაპონიამ საკურას ყვავილობა დღესასწაულად აქცია. ამ ულამაზესი სანახაობის საყურებლად იაპონიას ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. საკურა იაპონური კულტურის მიხედვით, მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება.
Print
თეგები: #საკურა