ახალი ამბები
„ხალხის მსახურში“ პრემიერის როლის შემსრულებელი კიევის დამცველთა რიგებშია
FaceBook
62 წლის უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბოკლანი, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ კიევში დარჩა. იგი ქალაქის დამცველებს ეხმარება.

მსახიობი 2015 წელს გადაღებულ უკრაინულ სერიალში "ხალხის მსახური" უკრაინის პრემიერ-მინისტრს განასახიერებს. ფილმში უკრაინის პრეზიდენტის როლს ვოლოდიმირ ზელენსკი ასრულებს.

სერიალის პერსონაჟი კორუმპირებული პრემიერ-მინისტრია, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარი და მისი კლანის ინტერესებს აყენებს. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში მსახიობმა უკეთესი "როლი" მოირგო. იგი ომის დაწყების შემდეგ კიევში დარჩა და მონაწილეობს ქალაქის დაცვაში.

"მე ვარ თანაშემწე. ჩვენ გვყავს ხალხის ჯგუფი, ვდგავართ გარკვეულ პუნქტებთან იარაღით, ვცდილობთ ვებრძოლოთ მოროდიორებს, ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვისი ბინების ძარცვა. ჯგუფში გვყავს საკმაოდ ბევრი არასამხედრო ასაკის მამაკაცი, რომელთათვისაც სულ ერთი არაა რა ხდება მის ქვეყანაში,"- აღნიშნა მსახიობმა.

უკრაინა არ დაუტოვებია ბევრ ცნობილ უკრაინელს. მაგალითად, ცნობილი მომღერალი, Okean Elzy-ს სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი ხარკოვში რჩება, ბუნკერებსა და მეტროს სადგურებში შეხიზნულ ადამიანებს ხვდება, ვიდეოებს წერს დაბომბილი ხარკოვის ქუჩებიდან, უკრაინელებს ამხნევებს და მსოფლიოს მოუწოდებს მხარდაჭერისკენ.
Print