ახალი ამბები
წარწერა дети ქუთაისის მესხიშვილის თეატრის წინ თეატრის მონაწილეობის გარეშე
FaceBook
ქუთაისში მესხიშვილის თეატრის წინ წარწერა дети გაჩნდა.

ეს ინიციატივა არ ეკუთვნის მესხიშვილის თეატრს, არამედ ქუთაისელ აქტივისტთა ჯგუფს, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კამპანია We Stand for U წამოიწყო. კამპანიის ორგანიზატორებმა დღეს თეატრის წინ 145 ბავშვის ფეხსაცმელი მიიტანეს და წარწერა дети გააკეთეს.

ამით მათ დაგმეს ის სისასტიკე, რასაც რუსი ოკუპანტები უკრაინაში ჩადიან.

"დღეს 145 ბავშვის ფეხსაცმელი მივიტანეთ ქუთაისის თეატრის წინ წარწერით "дети" და ამით დავგმეთ უკრაინაში პუტინის ბრძოლის შედეგი - 145 მოკლული ბავშვი. ის რაც ხდება უკრაინაში, ეხება ქუთაისს, ეხება საქართველოს!" - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

მანამდე, კამპანია We Stand for U-ს წარმომადგენლებმა ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქციების კვირეული მოაწყვეს და ქუთაისელების შემოწირულობებით ჰუმანიტარული ტვირთიც გააგზავნეს უკრაინაში.

წარწერა дети მარიუპოლის თეატრში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. 16 მარტს რუსმა ოკუპანტებმა თეატრი დაბომბეს, იმის მიუხედავად, რომ შენობის ირგვლივ იყო რამდენიმე წარწერა дети. შემთხვევას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ, ეს სიტყვა რუსული სისასტიკის სიმბოლოდ იქცა. უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, ასეთი წარწერები გაკეთდა ვარშავის, პრაღისა და ევროპის სხვა ქალაქების თეატრების წინ.

ფოტო:We stand for U
Print