ახალი ამბები
"მეგონა ალტ-ინფოს ვუსმენდი " - ოპოზიცია საკრებულოს "ოცნების" დეპუტატის განცხადებებზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომა დეპუტატებს შორის დაპირისპირებით დაიწყო.

უმრავლესობის წევრმა მარეხი ნიჟარაძემ ოპოზიცია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოსთან მიმართებაში არაპატრიოტულ და პროვოკაციულ ქცევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოპოზიცია ახლა მაინც უნდა მიხვდეს, რომ მათმა ლიდერმა 2008 წელს უდანაშაულო ხალხი დახოცა.

"მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, რომ შოკოლადწასმულივით ღეჭავდა ჰალსტუხს"
, - თქვა ფრაქცია " ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მარეხი ნიჟარაძემ. "ოცნების" დეპუტატმა სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ჩართო, სადაც პრემიერი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარს ამბობს.

ოპოზიციამ მმართველი გუნდის დეპუტატები პრორუსული განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, მას დარჩა განცდა, რომ "ალტ ინფოს" წარმომადგენლებს უსმენდა.

"თქვენს გარდა ყველამ აღიარა მთავრობაშიც, რომ აგვისტოს ომი საქართველოს არ დაუწყია. მეგონა "ალტ ინფოს" ვუსმენდი. ეს არის შეურაცხმყოფელი და ხაზი გადაუსვა იმას, რომ სხდომის წინ პატივი მივაგეთ უკრაინაში დაღუპულებს", - თქვა გიგა შუშანიამ.

სხდომაზე ოპოზიციამ უკრაინის ჰიმნი ჩართო, რა დროსა "ქართული ოცნების" დეპუტატების უმრავლესობა ფეხზე არ ადგა.
Print