ახალი ამბები
"რუსეთი ჩერნობილთან ახლოს საბრძოლო მასალას ტვირთავს" - უკრაინის გენშტაბი
FaceBook
უკრაინის გენერალური შტაბი, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს, რუსული საბრძოლო მასალის გადმოტვირთვის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, სატელიტმა სადგურიდან რამდენიმე ასეულ მეტრში რუსული სამხედრო სატვირთო მანქანების დიდი კოლონა დააფიქსირა, რომლიდანაც საბრძოლო მასალის გადმოტვირთვა ხდება.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედებამ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს საბრძოლო მასალის აფეთქება და ტერიტორიის რადიაციული დაბინძურება, სადაც ასობით მილიონი ევროპელი ცხოვრობს"
, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით მომატებული რისკების შესახებ, ორი დღის წინ ისაუბრა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა. იგი სადგურის ტერიტორიაზე გაეროს სპეციალური მისიის გაგზავნას ითხოვდა. მისი თქმით, ქალაქ პრიპიატის გავლით, ატომური ელექტროსადგურიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, რუს ოკუპანტებს ყოველდღიურად ათეულობით ტონა თვითმფრინავის ჭურვი გადააქვთ და ინახავენ ასობით ტონა ტყვიას. ვერეშჩუკი ამბობდა, რომ საბრძოლო მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს, საოკუპაციო ჯარების მოძველებული შეიარაღების დეტონაციის საფრთხე არსებობს, ასევე, გამორიცხული არ არის მათი თვითდეტონაცია.

ჩერნობილის ატომურ სადგურზე რუსმა სამხედროებმა კონტროლი ომის პირველივე დღეებში დაამყარეს.

Print
თეგები: #ჩერნობილი