ახალი ამბები
„არაა რეალური გაყვანა“ - პენტაგონი რუსული ჯარის კიევიდან გასვლაზე
FaceBook
პენტაგონი კიევიდან რუსული ჯარის გაყვანის პროცესს უნდობლად ეკიდება.

აშშ-ის სამხედრო უწყების შეფასებით, კიევის მახლობლად რუსული ჯარების მოძრაობა შესაძლოა "რეპოზიცია იყოს და არა რეალური გაყვანა". პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ რუსული ძალების მცირე რაოდენობა, რომლებიც კიევიდან გადის, "ახლოსაც არ არის იმასთან, რაც მათ კიევის წინააღმდეგ მოაწყვეს".

ამასთან რუსული საჰაერო დარტყმები გრძელდება.

ბრიფინგზე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ დაეყრდნობა რუსი სამხედროების ქმედებებს და არა მათ სიტყვებს.

კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან რუსეთის ჯარების ნაწილის გაყვანის გადაწყვეტილება სტამბოლში, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში გამოაცხადა რუსეთის დელეგაციის წევრმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა.

უკრაინაში 35-ე დღეა ომია. რუსი აგრესორები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ.

29 მარტს, სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს საპრეზიდენტო სასახლეში რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება შედგა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის დელეგაციის წევრებმა იმ წინადადებებზე ისაუბრეს, რაც შეხვედრის დროს რუსულ მხარეს წარუდგინეს.
Print
თეგები: #უკრაინა #ომი