ახალი ამბები
რუსეთმა უკრაინაში ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაგზავნა - უკრაინის გენშტაბი
FaceBook
რუსეთმა უკრაინაში ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაგზავნა.

ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შეკრების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მე-4 (ცხინვალის ოლქი, სამხრეთ ოსეთი) და მე-7 (აფხაზეთი) სამხედრო ბაზების ნაწილები გადაიყვანეს უკრაინაში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, მე-4 სამხედრო ბაზიდან უკრაინაში გაგზავნილ იქნა სამი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი, 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურით. ასევე, ჩამოყალიბდა მე-7 სამხედრო ბაზის ორი ნაწილი, რომელიც, დაახლოებით 800 კაცს შეადგენს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განმარტავენ, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კვლავ პრობლემები აქვთ დანაყოფებთან დაკავშირებით.

უკრაინაში ომის 35-ე დღეა.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რუსეთს, როგორც აგრესორს, რომლის საერთაშორისო იზოლაცია დღითიდღე იზრდება.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ დაიწყო უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების დოკუმენტირება და გამოძიება.

Print