ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგები
FaceBook
სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება დასრულდა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განცხადებები გააკეთეს.


"ვიმუშავეთ ჩვენი წინადადებების ფორმატზე, მაგრამ ჯერ არ ვაწერთ ხელს არაფერს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით", - თქვა უკრაინის დელეგაციის წევრმა დავით არახამიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მან ისაუბრა ნატოს მეხუთე პუნქტის მსგავს გარანტიაზე, რომელიც თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ცის დაკეტვის ჩათვლით.

"გარანტი ქვეყნები, ნატოს მე-5 მუხლის ანალოგიურად, 3 დღის ვადაში გამართავენ კონსულტაციებს. გარანტორი ქვეყნები ვალდებულნი იქნებიან დახმარება გაუწიონ უკრაინას. გარანტორებს შორის არიან გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნები, აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, პოლონეთი, ისრაელი. ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი საკითხები აღმოსავლეთ უკრაინასთან  და ყირიმთან დაკავშირებით",
- თქვა არახამიამ.

ყირიმთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

"რაც შეეხება ყირიმს, ეს არის შეთანხმების ცალკე პუნქტი. ჩვენ რუსეთთან ყირიმზე 15 წლის განმავლობაში გავმართავთ მოლაპარაკებებს, ამ დროის განმავლობაში არ იქნება საომარი მოქმედებები. ცალკე პუნქტია აღმოსავლეთ უკრაინაც", თქვა პოდოლიაკმა.

რუსულმა მხარემ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვლადიმერ მედინსკიმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება გაიმეორა და თქვა, რომ კიევსა და ჩერნიგოვში რუსული ჯარები აქტივობებს შეამცირებენ. რუსული დელეგაციის წევრის თქმით, უკრაინული მხარის წინადადებები განხილული იქნება და ეცნობება ვლადიმერ პუტინს. მედინსკი ამბობს, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების პარალელურად იქნება შესაძლებელი.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დღეს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა.
Print