ახალი ამბები
"დადგა დრო, მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს" - ერდოღანის მიმართვა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებაზე
FaceBook
სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მან კონფლიქტის დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მოხარულია მხარეების მასპინძლობით. ერდოღანის თქმით, მოლაპარაკებებმა იმედი მისცა მთელ მსოფლიოს და ახლა დადგა დრო, როცა ამ დიალოგმა კონკრეტული შედეგი უნდა გამოიღოს.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თურქეთსა და ჩვენს სტამბოლში. მოხარული ვართ, რომ გმასპინძლობთ ასეთ კრიტიკულ დროს. მოლაპარაკებებმა იმედი მისცა მთელ მსოფლიოს. კონფლიქტის გახანგრძლივება არავის სარგებელს არ მოუტანს. ომში გამარჯვებულები არ არიან. დადგა დრო, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს. ჩვენ გულწრფელად ვისურვებდით, რომ ეს თურქეთში მოხდეს და მზად ვართ დაგეხმაროთ",
- განაცხადა ერდოღანმა შეხვედრის დაწყების წინ.

უკვე ორი კვირაა უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა მოლაპარაკებებში ტონი შეარბილა და ულტიმატუმების ენაზე ნაკლებად საუბრობს. პარალელურად, საუბარია უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტზე, რომელიც გულისხმობს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას, თუმცა, ეს უკრაინას არ აუკრძალავს დამოუკიდებლად მოიძიოს სხვა სამხედრო გარანტიები, მაგალითად, აშშს-თან.

რუსეთ-უკრაინას შორის ომი 24 თებერვალს დაიწყო, როცა რუსეთი სუვერენულ მეზობელ სახელმწიფოს თავს დაესხა.

უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას ომის პარალელურად აწარმოებს. მხარეებს შორის რამდენიმე პირისპირ და ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.
Print