ახალი ამბები
"ბენზინის სიიაფით, 71-ე ადგილზეა საქართველო მსოფლიოში" - ღარიბაშვილი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეები შეცდომაში არიან შეყვანილი, როცა საწვავზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მან ციფრებით სცადა მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში ბენზინი ძვირი არ არის და რომ პირიქით, ჩვენი ქვეყანა ბენზინისა და ბუნებრივი აირის ერთ-ერთი ყველაზე იაფი იმპორტიორია. პრემიერს არც კი უთქვამს, რომ ხელისუფლება ცდილობს ან აპირებს ნაბიჯების გადადგმას საწვავზე ფასების დასარეგულირებლად.

"ჩვენ მეასე ადგილზე ვართ მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით. 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის, ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით, 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში არის უფრო ძვირი ბენზინი, ვიდრე საქართველოში. რაც შეეხება გაზის ფასებს, მინდა მოქალაქეებს განვუმარტო, რომ გაზის ფასები არის მკვეთრად გაზრდილი ევროპაში, ასეთი რამ არ ყოფილა. თუ ვინმეს ახსენდება რამდენს ვიხდით ბუნებრივ გაზში, ეს კომერციული საიდუმლოებაა და კონკრეტულად ვერ ვიტყვით, მაგრამ ევროპაში, გაზის ფასების მიხედვით მეორე თუ მესამე ადგილზე ვართ, ეს არის ძალიან მიზერული.
აზერბაიჯანის შემდეგ, მთელ ევროპაში, ყველაზე იაფი ღირს გაზი საქართველოში. ამიტომ, მე გთხოვთ ყველას, რომ მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ნუ შევიყვანთ მოქალაქეებს შეცდომაში", - განაცხადა პრემიერმა.

მან გუშინ, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და თქვა რომ პოლიციას "მოუწია" მოქალაქეების დაკავება, მაგრამ ეს სწორი იყო, რადგან კანონი უნდა იყოს დაცული.

"გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება და რა თქმა უნდა, ეს სწორი იყო, რადგან არ შეიძლება ადამიანები ქუჩებს კეტავდნენ ავტომობილებით. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და მოქალაქეები უნდა დაემორჩილონ კანონს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში საწვავის ფასი ყოველდღიურად იზრდება. მოქალაქეები ბენზინის ფასის მატებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
Print