ახალი ამბები
უკრაინის ვიცე-პრემიერი ჩერნობილში გაეროს სპეციალური მისიის გაგზავნას ითხოვს
FaceBook
უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი გაეროს ჩერნობილის ტერიტორიაზე სპეციალური მისიის გაგზავნას სთხოვს.

იგი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს მიიღონ სწორი და გაბედული გადაწყვეტილება, რათა თავიდან იქნას არიდებული ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის განმეორების რისკი.

ირინა ვერეშჩუკი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ოკუპანტების მიერ ობიექტის დაკავების გამო შეიძლება შეიქმნას.

"ქალაქ პრიპიატის გავლით, ატომური ელექტროსადგურიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, რუს ოკუპანტებს ყოველდღიურად ათეულობით ტონა თვითმფრინავის ჭურვი გადააქვთ. ქალაქ ჩერნობილის გვერდით, ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ინახავენ ასობით ტონა ტყვიას. ბოლო დროს, რუსული საოკუპაციო ჯარები ძველ და უპირობო შეიარაღებას იყენებენ, რაც ზრდის მათი დეტონაციის რისკს დატვირთვისა და ტრანსპორტირების დროსაც. რუსეთის სამხედრო საწყობებსა და არსენალებზე შეიარაღების ასეთი თვითდეტონაციის ფაქტები ცნობილია და რეგულარულად ხდება", - წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი სოციალურ ქსელში.

ჩერნობილის ატომურ სადგურზე რუსმა სამხედროებმა კონტროლი ომის პირველივე დღეებში დაამყარეს, თუმცა, ადგილზე რჩებიან უკრაინელი თანამშრომლები, რომლებიც, როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერი ამბობს, რუსეთის მძევლებად ითვლებიან.

33 დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.



Print